არ აქვს მნიშვნელობა დიდ მთას მიუყვებით თუ თოვლიან ველს კვეთთ, სიმაღლეზე ლაშქრობისას წრიაპის გამოყენების ცოდნა საშუალებას გაძლევთ, უფრო თავდაჯერებულად იმოძრაოთ მკვრივ თოვლში, ან ციცაბო, ყინულოვან რელიეფზე. ალპინიზმისას წრიაპი არის ერთ-ერთი მთავარი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს დამატებით უსაფრთხოებას დაცემისა და სხვა ავარიების თავიდან ასაცილებლად. ფეხით მოძრაობის სწორი ტექნიკისა და წერაყინის გამოყენების ცოდნასთან ერთად, წრიაპის გამოყენების ცოდნა არის უნარი, რომელიც დაგჭირდებათ თოვლზე და მყინვარებზე უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის. სანამ მთებში გაემგზავრებით დარწმუნდით, რომ თქვენი წრიაპი სწორად ერგება თქვენ სამთო ფეხსაცმელს. აუცილებელია მყარი კონტაქტი თქვენი ფეხსაცმლის ძირსა და წრიაპის ჩარჩოს შორის.
გაითვალისწინეთ, უსაფრთხოდ ცოცვა თქვენი პასუხისმგებლობაა. ვერც ერთი ვიდეო ან/და სტატია ვერ ჩაანაცვლებს კვალიფიციურ ინსტრუქტორსა და გამოცდილებას.
რჩევები წრიაპის ჩასაცმელად
ივარჯიშეთ სახლში და ეცადეთ წრიაპი ხელთათმანებით მოირგოთ. მათი ჩაცმისას შეეცადეთ მაქსიმუმამდე შეამციროთ ისეთი ნივთების რაოდენობა, რომელიც წრიაპის ბასრ ძირს მოედება.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
· მოერიდეთ ფართო ნაჭრებს და თქვენს კოჭებთან ან ტერფებთან რაიმე ნივთის სიახლოვეს
· დარწმუნდით რომ წრიაპისა და თქვენი ფეხსაცმლის ყველა თასმა კარგად შეკრულია
· თუ იცვამთ გამაშებს, მაშინ შესაკრავები მოათავსეთ გარეთა მხრიდან , რათა თავიდან აიცილოთ მათი დაზიანება.
· დაჭიმეთ თასმები რათა თქვენი ფეხსაცმლის ძირი და წრიაპი მყარად დაუკავშირდეს ერთმანეთს.
· დარწმუნდით, რომ წრიაპი კარგად დაცულია და შეჩერებისას აუცილებლად შეამოწმეთ ისინი.
როდის გამოვიყენოთ წრიაპი
როდესაც გრძნობთ, რომ თქვენი ფეხები აღარაა საკმარისად დაცული მხოლოდ ფეხსაცმლითა და წერაყინით, ან როცა თოვლში ნაბიჯების გადადგმა ძალიან რთულდება, საჭიროა იფიქროთ წრიაპის მორგებაზე.
გთავაზობთ რამდენიმე სიტუაციას, სადაც წრიაპი საჭირო ხდება:
· როცა თოვლი გაცილებით მყარია
· როცა ფერდობის დახრილობის კუთხე იზრდება
· გსურთ უფრო ეფექტურად გადაადგილება ნაბიჯების რაოდენობის გაზრდის გარეშე
· მყინვარზე გადაადგილებისას
მაგრამ წრიაპის ჩაცმა დიდხანს არ გადადოთ. თქვენ უნდა დააკვირდეთ რელიეფს და მანამ მოირგოთ წრიაპი, სანამ დაცემისა და დაცურების საფრთხე უშუალო გახდება. ჩასაცმელად იპოვეთ შედარებით მოსწორებული და უსაფრთხო ადგილი, სადაც არ შეგექმნებათ დაცემისა და დაგორების საფრთხე.
სამი ტექნიკა წრიაპის გამოსაყენებლად
წრიაპით სიარულის სამი გზა არსებობს, თუმცა დამწყებთა უმრავლესობა, ძირითად შემთხვევაში, მხოლოდ პირველ ორს მიმართავს.
· ბრტყელი ტერფი, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ როგორც ფრანგულ ტექნიკას
· ფრონტფოინთინგი, ასევე ცნობილი როგორც გერმანული ტექნიკა
· ჰიბრიდული, რომელსაც ამერიკულ ტექნიკასაც უწოდებენ
რომელ ტექნიკასაც არ უნდა იყენებდეთ, უმჯობესია ფეხები დადგათ შედარებით უფრო შორიშორს, ვიდრე ბუნებრივად განალაგებდით. შეინარჩუნეთ სპორტული პოზიცია (განსაკუთრებით დაღმართზე გადაადგილებისას). გქონდეთ მუხლები ერთმანეთისაგან დაშორებით და მოხრილ მდგომარეობაში.
ბრტყელი ტერფი (ფრანგული ტექნიკა)
ფერდობის ციცაბოების გაზრდასთან ერთად, თქვენ მიზნად იქცევა რაც შეიძლება მეტი კბილანას თოვლში მოთავსება. თითოეული ტერფი სიბრტყეზე ედება თოვლს. ყოველი ნაბიჯის შემდეგ ფეხი მოათავსეთ თოვლში ისე, რომ წრიაპის ყველა კბილანა ესობოდეს ზედაპირს. თუ თოვლში მხოლოდ წრიაპის წვერზე არსებულ კბილანებს მოათავსებთ, ძირითადი წონასწორობა მხოლოდ ერთ ნაწილზე გადაგაქვთ და შესაძლოა, დაეცეთ. თქვენი წრიაპის ძირის თოვლში მოთავსების კუთხე უნდა ემთხვეოდეს ფერდობის დახრილობის კუთხეს. როგორც არ უნდა მოძრაობდეთ, შეინარჩუნეთ ტერფები ბრტყელ პოზიციაში.
ფრონტფოინთინგი (გერმანული ტექნიკა)
ფრონტფოინთინგი უფრო დახვეწილი ტექნიკაა , რომელიც გამოიყენება ყინულზე ცოცვისთვის და 45 გრადუსიანი დახრილობის მქონე ფერდობებზე. ამ მეთოდის დროს თქვენ ფეხს ურტყამთ ისე, რომ წინა ორი კბილანა (და თქვენი თითების უმეტესი ნაწილი) ჩაეფლოს თოვლში.
ჰიბრიდული (ამერიკული ტექნიკა)
ციცაბო რელიეფზე გადაადგილებისას , ბრტყელი ტერფის მეთოდმა შესაძლოა არ გაამართლოს, ან რთულად გამოსაყენებელი გახდეს, ხოლო ფრონტფოინთინგი მალე დაგღლით. შესაძლოა დაგჭირდეთ ჰიბრიდული მეთოდის გამოყენება, რომელიც ზემოხსენებული მეთოდების კომბინაციაა.
· ერთი ფეხით დაარტყით ფერდობს ისე, რომ მოათავსოთ წრიაპის წინა ოთხი კბილანა.
· ამავდროულად, გააცურეთ მეორე ფეხი ბრტყელი ტერფის პოზიციაში, დარწმუნდით, რომ ყველა კბილანა თოვლშია ჩაფლული.
· ამ ტექნიკის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ გადადგათ შედარებით მოდუნებული ნაბიჯი, ყოველ მეორე ნაბიჯზე. თქვენ შეჩერდებით და დაისვენებთ მაშინ, როდესაც წონის დიდი ნაწილი გაქვთ გადატანილი გადადგმულ ფეხზე.
როგორ გავუმკლავდეთ წრიაპზე დაგროვილ თოვლს
ახლა ყველა წრიაპს მოჰყვება სპეციალური ფირფიტები, რომლებიც თავიდან აგარიდებთ თოვლის ბურთულების წრიაპის ძირზე დაგროვებას. თუმცა, შესაძლოა თოვლი ფეხის ქვეშ დაგროვდეს და ამან ხელი შეუშალოს კბილანების ფერდობის ზედაპირში ჩაფლობას.
წრიაპის გასაწმენდად ორი გზა არსებობს:
· ახახუნეთ ფეხები თოვლის ზედაპირზე. ეს წრიაპს ზედმეტი თოვლისგან გაათავისუფლებს.
· აიღეთ თქვენი წერაყინის ტარი და დაირტყით ტერფებზე.
რჩევები წრიაპით ფერდობიდან დაშვებისას
მთამსვლელობისას უბედური შემთხვევები ხშირად დაღმართზე ხდება. ეს შეიძლება გამოიწვიოს ალპინისტთა დაღლილობამ, გრავიტაციამ და ასევე თოვლის გათბობამ, რაც მეტად სავარაუდოს ხდის მისი წრიაპის ქვეშ მოხვედრას.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას მთიდან წრიაპის დახმარებით ჩამოსასვლელად:
· შეინარჩუნეთ სპორტული პოზიცია. მუხლები განათავსეთ მხრების სიგანის გარეთ და შეუნარჩუნეთ ფართო, მოხრილი პოზიცია.
· ფეხის თითები ყოველთვის გქონდეთ იმ მიმართულებისკენ , რომლითაც მოძრაობთ. თუ მიდიხართ დაღმართის მიმართულებით,ფერდობზე მოძრაობისას წრიაპი უნდა იყოს მიმართული ფერდობისკენ.
როდის გავიხადოთ წრიაპი
როდესაც მიაღწევთ შედარებით ბრტყელ არეალს , ან თუ თოვლი საკმარისად რბილი გახდება, მოძებნეთ ბრტყელი და უსაფრთხო ადგილი წრიაპის გასახდელად. არ მოიხსნათ წრიაპი მანამ , სანამ თქვენი დაცემის საფრთხე და სავალალო შედეგი შემცირებული არ იქნება, ან თუ მათი ტარება უფრო დიდ საფრთხეს არ შეგიქმნით (მაგალითად, სველ თოვლზე მოძრაობისას).