მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მიმართულებაა ნებისმიერი მთამსვლელისათვის. ჯომოლუნგმადან ყოველწლიურად რიგში მდგომი ჩაფუთნული ადამიანების უამრავი ფოტო და ვიდეო იდება. თუმცა მწვერვალი ყოველთვის ასეთი ხალხმრავალი არ ყოფილა. ტექნოლოგიების განვითარებამ და გარემოსათვის შესაბამისი აღჭურვილობების წარმოებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ლაშქრობისა და მთამსვლელობის განვითარებაზე. ბევრი წლის წინ კი მხოლოდ გამორჩეულად თავზეხელაღებული ადამიანები ეჭიდებოდნენ ევერესტზე ასვლის მიზანს.
პლანეტის უმაღლეს მწვერვალს „ევერესტი“ ცნობილი ინგლისელი გეოგრაფის, ჯორჯ ევერესტის პატივსაცემად 1865 წელს დაარქვეს. ნეპალელები ამ მთას „საგარმატხას“ ეძახიან და იგი მათთვის „ციური მწვერვალია“, ხოლო ტიბეტელები - „ჯომოლუნგმათი“ მოიხსენიებენ: იქაური ბერებისათვის დედამიწის „მესამე პოლუსი“ – „დედამიწის ღვთიური დედაა“.
ისტორიაში პირველი ადამიანები, რომელთა ევერესტის პიკზე ასვლაა დადასტურებული ახალ ზელანდიელი სერ ედმუნდ ჰილარი და შერპა ტენზინგ ნორგეი იყვნენ. 1953 წლის 29 მაისს 11 საათსა და 30 წუთზე ორმა ალპინისტმა პირველებმა დადგეს ფეხი დედამიწის ყველაზე მაღალ წერტილზე - 8 848 მეტრზე. მათ 15 წუთი დაჰყვეს მსოფლიოს უმაღლეს ადგილზე, ჰილარიმ ტენზინგის ფოტო გადაუღო, ხოლო თავად კი ფოტოს გადაღებაზე უარი განაცხადა.
ჰილარი, ტენზინგი და ექსპედიციის სხვა მონაწილეები არაერთი მედლით დაჯილდოვდნენ მწვერვალიდან მშვიდობიანად დაბრუნების შემდეგ.
რა თქმა უნდა, სერ ედმუნდ ჰილარი არ ყოფილა პირველი ადამიანი, რომელმაც ევერესტზე ასვლა სცადა. პირველ დადასტურებულ წარმატებულ ასვლამდე, არაერთი მცდელობა იყო, თუმცა ყველა უშედეგოდ.
კაპიტანი ჯონ ნოელი იყო ფოტოგრაფი და კინორეჟისორი, რომელიც თან ახლდა ბრიტანულ სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების 1922 წლის ექსპედიციას - პირველი დოკუმენტირებული მცდელობა დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე ასვლისთვის. ტელეფოტო ლინზის გამოყენებით მან დააფიქსირა ჯორჯ ფინჩისა და კაპიტანი ჯონ ჯეფრი ბრიუსის სვლა ევერესტისაკენ მოკლემეტრაჟიან ფილმში „ევერესტზე ასვლა", პირველი ფილმიც, რომელიც გადაღებულია ასეთ სიმაღლეზე სწორედ ჯონ ნოელს ეკუთვნის.
დღეისათვის კი ევერესტის დადასტურებულად პირველი ფოტო ბრიტანელ ოფიცერს ეკუთვნის, რომელიც ტიბეტში 1903 წლის ბრიტანული ექსპედიციაში მონაწილეობდა. ექსპედიცია 1903 წლის დეკემბერში დაიწყო და მასში 3000 ბრიტანელი ჯარისკაცი მონაწილეობდა. ისინი ტიბეტში ბრიტანეთის მიერ მართული ინდოეთიდან შევიდნენ. ექსპედიციის ინიციატორი იყო ლორდ კურზონი, ინდოეთის მეფისნაცვალი, რომელიც შეპყრობილი იყო რუსეთის გავლენის თავიდან აცილებით ტიბეტში.
1903 წლისათვის ფოტო კამერები საკმაოდ იშვიათი მოვლენა იყო, შესაბამისად ბრიტანელი ოფიცრის მიერ გადაღებული 140-მდე სურათი ნამდვილად ფასდაუდებელ კოლექციას წარმოადგენს, სწორედ ამიტომაც მისმა შთამომავლებმა რამდენიმე წლის წინ აუქციონზე სარფიანად გაყიდეს.
საქართველოსათვის ისტორიული დღე 1991 წლის 10 ოქტომბერს დადგა, როდესაც პირველმა ქართველმა შეძლო ევერესტის პიკზე ფეხის დადგმა და საქართველოს დროშის აღმართვა.
რომან გიუტაშვილი საქართველოს ალპინიზმის ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი. მან და ამერიკელმა დენიელ მაზურმა ერთმანეთი კატმანდუში გაიცნეს. ორივეს ერთი მიზანი აერთიანებდა - ევერესტზე ასვლა. მთამსვლელები კატმანდუში დამეგობრდნენ და მწვერვალზე ასვლაც ერთად გადაწყვიტეს. ამერიკელი 30 წლისა იყო, ხოლო რომან გიუტაშვილი - 54 წლის. ასაკის მიუხედავად ქართველი გაცილებით გამოცდილი იყო და როდესაც მწვერვალამდე რამდენიმე ათეული მეტრიღა რჩებოდათ, ენერგიაც მეტი შემორჩენია, დენიელს კი სიარულის გაგრძელება აღარ შეეძლო, მან ნაბიჯიც ვეღარ გადადგა. რომანი არჩევანის წინაშე დადგა: ან როგორმე გზა უნდა გაეგრძელებინათ, ან თავის ოცნებაზე უარი ეთქვა და ორივენი ქვემოთ დაშვებულიყვნენ. რომან გიუტაშვილმა შეძლო ამერიკელი მთამსვლელის გამხნევება და ორივენი ადგილობრივი დროით 17.00 საათზე ევერესტის პიკზე იდგნენ.