საძილე ტომრის ისტორია

02/04/2021

საძილე ტომარა ლაშქრობაში წასასვლელად ერთ-ერთი უმთავრესი ინვენტარია, მისი სწორად შერჩევა კი ძალიან მნიშვნელოვანია. დღეისათვის უამრავი ბრენდი არსებობს და ბაზარზე მრავალი სახის საძილე ტომარას ვხვდებით, თუმცა საინტერესოა, რა გზა განვლო ამ ნივთმა ვიდრე დღევანდელ სახეს მიიღებდა.

 

ვფიქრობთ, საძილე ტომარის მსგავსი ნივთი იმაზე გაცილებით ადრე უნდა გამოეგონათ, ვიდრე ამას დღეს არსებული ინფორმაცია მოწმობს, რადგანაც ადამიანები უხსოვარი დროიდან მოყოლებული გადაადგილდებოდნენ შორ მანძილზე და როგორც საჭიროება, ღამის გასათევად საძილე ტომრის მსგავსი რამ აუცილებლად იარსებებდა.

 

ხალიჩა ეუკლისია (ბერძ. ε [ეუ] (კარგად) κλισία [კლისია] (საწოლი, საძილე ადგილი) უელსელი გამომგონებლის პრაის ჯონსის მიერ 1876 წელს დაპატენტებული პირველი საძილე ტომარაა, რომელსაც მე-19 საუკუნეში მსოფლიო ექსპორტზეც ვაწყდებით.[1] პოუის (ლანდრინდოდი, უელსი) არქივის დოკუმენტები მოწმობს, რომ პრაის ჯონსმა 60 000 ასეთი ხალიჩა რუსეთის არმიას მიჰყიდა. ჩანაწერების მიხედვით, ეს პირველი „საძილე ტომარა“ ავსტრალიის უდაბნოსა და კონგოს მისიონერებთანაც გვხვდება.[2] 1877 წელს რუსეთის არმიის მიერ ქალაქ პლევენის ალყა თურქული არმიის დამარცხებით დასრულდა. რუსეთის ჯარს „საძილე ტომრები“ აღარ დასჭირდა, რის გამოც მწარმოებელს შეკვეთა გაუუქმეს. პრაის ჯონსს 17 000 „ტომარა“ დარჩა, რომლის გაყიდვაც ადგილობრივ და გლობალურ ბაზარზე სცადა.[3]

  

სამწუხაროდ, ეუკლისიას ნიმუშს ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა  ნიუტონის ტექსტილის მუზეუმში გამოფენილი  ეს „საძილე ტომარა“ პატენტის ჩანაწერების მიხედვითაა შექმნილი. 

 

საძილე ტომრის დასამზადებელი ქსოვილები დროთა განმავლობაში იცვლებოდა და იხვეწებოდა.

საძილე ტომრის უფრო მეტად გათბობის მოთხოვნა მკვლევართა და ალპინისტთა გაერთიანებებიდან წამოვიდა. 1861 წელს ინგლისის ალპინისტთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა ფრენსის ტაკეტმა გამოიყენა წყალგამძლე ნაჭერი. ტაკეტი წლების განმავლობაში მუშაობდა „საძილე ტომრის“ დახვეწაზე და შედეგად მიიღო ტომარა, რომელიც  ერთდროულად საბანიც იყო და ქვედა ნაწილი დაკერებული ჰქონდა.

 

ფრენსის ტაკეტი, ინგლისის ალპინისტთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი

საყურადღებოა მეორე ცნობაც, რომელიც საძილე ტომრის „გამოგონებას“ ნორვეგიელ მეცნიერსა და პოლარულ მკვლევარ ფრიტიოფ ნანსენს უკავშირებს. კომპანია Ajungilak 1890 წლიდან ყიდდა ნანსენის ხელმძღვანელობით შექმნილ „საძილე ტომრებს“.[4] ფრიტიოფ ნანსენმა 27 წლის ასაკში, ისტორიაში პირველად, გადალახა გრენლანდიის
ყინულის საფარი, რომელიც ფართო საზოგადოებამ აღიქვა, როგორც გრანდიოზული სპორტული მიღწევა. მასვე გემ „ფრამით“ ჰქონდა მცდელობა მიეღწია ჩრდილოეთ პოლუსამდე, მაგრამ მივიდა მხოლოდ ჩრდილოეთ განედის 86° 13′-ზე. ამის შემდეგ ნანსენი რეგულარულად უწევდა კონსულტაციებს პოლარულ მკვლევრებს სხვადასხვა ქვეყნიდან. პროფესიიდან გამომდინარე, ნანსენს მეგობრებთან ერთად უხდებოდა საკუთარი ძალებით შეეკერა საექსპედიციო თბილი ტანსაცმელი, რა დროსაც მან პირადად დაამზადა სამკაციანი საძილე ტომარა.[5]

 

ფრიტიოფ ნანსენი, პოლარული მკვლევარი, ზოოლოგი,  ფიზიკური ოკეანოგრაფიის დამაარსებელი, ჰუმანისტი, ფილანთროპი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი

ფრანგმა ალპინისტმა პიერ ალენმა 1933 წელს საზოგადოებას შესთავაზა საძილე ტომრის ახალ ტიპი Pied d’elephant (ფრანგ. სპილოს ფეხი), რომელიც ებმებოდა ქვემო ჟაკეტს და ორივე მათგანს წყალგაუმტარი აბრეშუმის ნაჭრით ფარავდა.[6]

პიერ ალენი, ფრანგი ალპინისტი

დღეისათვის ლაშქრობის მოყვარულებსა თუ პროფესიონალ მოლაშქრეებს საძილე ტომრების დიდი არჩევანი აქვთ. ტექნოლოგია იმდენადაა დახვეწილი, რომ შესაძლებელია სულ რაღაც 1 კილოგრამიანმა „საბანმა“ -25 გრადუსში გაგათბოთ და თავი მაქსიმალურად კომფორტულად გაგრძნობინოთ.

Campshare გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საძილე ტომრებს , რომლებიც -3°; 0°; 10°; 15° და 20°  გრადუსში არ გაგრძნობინებთ სიცივეს. ჩვენი საძილე აღჭურვილობების ნახვას შეძლებთ ამ ბმულზე.