ლაშქრობაში წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ხშირად ისიც არის, რომ გავერიდოთ ცივილიზაციას, დასახლებულ პუნქტებს, ქალაქის ხმაურსა და ჟრიამულს, თუმცა ფაქტი რომ სახლის საყვარელი საწოლის ნაცვლად კარავში გიწევთ დაძინება სულ არ გულისხმობს ღამის პირველყოფილური წესით გათევას.
ტექნოლოგიებისა და ლაშქრობის კულტურის განვითარებამ სალაშქრო ინვენტარის დახვეწასაც შეუწყო ხელი. დღეისათვის უამრავი მწარმოებლის სხვადასხვა ტიპის საძილე ტომარას შეხვდებით, რომელთა უპირატესობაზეც ბრენდები მარკეტინგული ხერხების გამოყენებით მოგითხრობენ. მოცემულ სტატიაში გიამბობთ საძილე ტომრების ძირითად სახეობებზე, მათ პლუსებსა და მინუსებზე, შევეცდებით გაგარკვიოთ რა ტიპის ტომარაა უმჯობესი სხვადასხვა პირობებში და დაგეხმარებით მიიღოთ კარავში ძილის საუკეთესო გამოცდილება.
როდესაც საქმე საძილე ტომრის შერჩევაზე მიდგება, სამი ძირითადი მახასიათებლით უნდა იხელმძღვანელოთ:
1) 1) შემადგენლობა - რითაა საძილე ტომარა შევსებული ბუმბულით თუ სინთეტიკით?
2) 2) სითბო - ტემპერატურის შესაბამება გარემო პირობებთან;
3) 3) ფორმა - მუმია თუ მართკუთხედი?
შემადგენლობა
პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ საძილე ტომარა რითაა შევსებული. ბუმბულით დამზადებული საძილე ტომრები ყველაზე ხარისხიან საძილეებად ითვლებიან, ისინი გამოირჩევიან, როგორც დაბალი წონით, ისე გათბობის მაღალი უნარით. ბუმბულის საძილე ტომრები უფრო კომპაქტურად იკეცებიან და ჩანთაში მოსათავსებლადაც უფრო კომფორტულები არიან. თუმცა ბუმბულის საძილე ტომრები შედარებით ძვირი ღირს, ამიტომ მის კარგ შემცვლელად შეგვიძლია გამოვიყენოთ სინთეტიკური საძილე ტომარა, რომელიც მოცულობით უფრო მძიმეა, ვიდრე ბუმბულის საძილე, თუმცა ეს უკანასკნელი წყალგამძლე მატერიაა, რაც თავისმხრივ დადებითი მაჩვენებელია.
სითბო
მნიშვნელოვანია ლაშქრობაში წასვლამდე გავეცნოთ ამინდის პროგნოზს და შემდგომ გადავწყვიტოთ რომელი ტიპის საძილე გამოგვადგება ამ კონკრეტული გასვლისათვის. ყველა საძილეზე დატანილია ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენ გრადუსზეა რეკომენდებული ესა თუ ის საძილე ტომარა. თუ კი ზაფხულში ლაშქრობთ, როდესაც ტემპერატურა მაღალია, მაშინ 10-20 გრადუსის ფარგლებში გამძლე საძილე ტომარა იდეალური ვარიანტი იქნება, მაგრამ თუ კი ადრე გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომაზე გსურთ წასვლა მთაში, დიდი ალბათობით შესაძლოა მინუსიანი საძილეც დაგჭირდეთ. ამიტომ ზუსტად გათვალეთ წელიწადის რა პერიოდში აპირებთ ლაშქრობას და შემდგომ შეარჩიეთ საძილე ტომარა.
ფორმა
როგორც წესი, საძილე ტომრები ორი ფორმისაა: მუმიის და მართკუთხედი, თუმცა შესაძლოა მათ ჰიბრიდსაც შეხვდეთ, რომელიც მართკუთხა მუმიის ფორმის იქნება. მუმიის ფორმის საძილე ტომარა იდეალურია ზამთარში, სიცივესა და მაღალ წერტილებში. მისი ფორმები იმგვარადაა გამოყვანილი, რომ მაქსიმალურად ადამიანის სხეულს შემოეჭდოს, ამით ის სივრცეებს მინიმუმამდე ამცირებს. ვინაიდან საძილე ტომრები თქვენი სხეულიდან მიღებული სითბოთი ახერხებენ გათბობას და შემდგომ თქვენ სითბოსაც უზრუნველყოფენ, მინიმალური სივრცის მქონე მუმიის საძილეები სწრაფად მოახერხებენ თქვენ გათბობას. ვიწრო მუმიის ტომარა, აგრეთვე შედარებით დაბალ წონასაც ნიშნავს, რაც ფეხით გადაადგილებისას ცალსახად პლუსია. თუ კი მინიმალური სივრცე სწრაფ გათბობას ნიშნავს, რაც მუმიის ფორმის საძილე ტომრის პლუსად გვევლინება, თავად საძილე ტომრის ცოტა სივრცე შესაძლოა მინუსიც იყოს მოუსვენარი ძილის მოყვარულთათვის. მუმიის საძილე ტომარაში მოძრაობა მაქსიმალურად შეზღუდულია, ამიტომ მასში ძილს მხოლოდ რამდენიმე მოსახერხებელ პოზაში თუ შეძლებთ. მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მუმიის ფორმის ტომრებს ახლავთ არის ის, რომ ქალებისათვის განკუთვნილი საძილეები უფრო მეტ ადგილს ქმნის თეძოების არეში, ხოლო მხრებზე ცოტათი ვიწროა. იმის გამო რომ ქალბატონები მამაკაცებთან შედარებით ნაკლებ სითბოს გამოყოფენ ძილისას, მათთვის განკუთვნილი მუმიის საძილეები მეტად იზოლირებული და დათბილულია ფეხების, მკერდისა და კაპიუშონის არეებში.
მართკუთხა ან ჰიბრიდული საძილე ტომრები სამოძრაოდ უფრო მეტ სივრცეს ტოვებენ, რის გამოც უფრო მეტ პოზაში ძილია შესაძლებელი, მაგრამ იმის გამო, რომ სივრცე დიდია მათ სხეულისგანაც მეტი სითბოს წაღება სჭირდებათ თქვენივე გასათბობად, ამიტომ მართკუთხა საძილეები შედარებით უფრო გვიან თბებიან. რაც უფრო ფართოა საძილე ტომარა, მით უფრო მეტ სივრცეს დაიკავებს ზურგჩანთაში, ხოლო მისი წონაც შესაძლებელია უფრო დიდი იყოს. თუ კი საყვარელ ადამიანებთან ერთად ათევთ კარავში ღამეს, მართკუთხა ფორმის საძილე ტომრები იძლევიან შესაძლებლობას ელვა შესაკრავებით ერთმანეთს გადააბათ და ერთი დიდი საძილე ტომარა მიიღოთ. აღნიშნული ქმნის გაცილებით დიდ სივრცეს და სხეულის სითბოს გაზიარების შესაძლებლობას. გაითვალისწინეთ, მართკუთხა საძილე ტომრების ერთმანეთზე გადასაბმელად აუცილებელია მათ ჰქონდეთ ერთნაირი ზომის ელვა შესაკრავის კბილი, მსგავსი უნდა იყოს მათი შესაკრავი გზის სიგრძეები და ერთ საძილეს მარჯვნივ უნდა ჰქონდეს ელვა შესაკრავი, ხოლო მეორეს კი მარცხნივ.
Campshare გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საძილე ტომრებს , რომლებიც -3°; 0°; 10°; 15° და 20° გრადუსზეა გამძლე. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ყოველი გაქირავების შემდეგ ჩვენ მათ თქვენთვის სახელდახელოდ ვრეცხავთ. ჩვენი საძილე აღჭურვილობების ნახვას შეძლებთ ამ ბმულზე.