EN
ნავიგაცია
კატეგორიები

როგორ შევარჩიოთ ქვეშაგი (პარალონი)?

26/04/2021

კარავში ძილის დროს ქვეშაგი ორ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს: ამორტიზაცია და იზოლაცია. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ქვეშაგის სირბილე ყველაზე გამოსადეგი თვისებაა, მაგრამ გეტყვით, რომ ქვეშაგის ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა თქვენთვის სითბოს შენარჩუნება ღამის განმავლობაში.

 

როგორც სხვა ყველა სალაშქრო აღჭურვილობის შერჩევისას, ისე „პარალონის“ შეძენისასაც ფართო არჩევანი გვეშლება. მოცემულ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა ტიპის ქვეშაგის დადებით და უარყოფით მხარეებს და გიამბობთ როგორ შევარჩიოთ ქვეშაგი სწორად.

ერთი შეხედვით, ქვეშაგი ყველაზე უწყინარი ნივთი შეიძლება გვეგონოს, თუმცა მისი შერჩევისას ბევრი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ.

წონა - ულტრამსუბუქი ქვეშაგები საუკეთესო გადაწყვეტილებაა ფეხით შორ მარშრუტზე ლაშქრობისათვის, თუმცა შედარებით ძვირი სიამოვნებაა. წონა შეგიძლიათ დაზოგოთ მუმიის ან კონუსური ფორმის ქვეშაგის შერჩევითაც, რომლებიც მცირე მოცულობისა არიან და ჩანთაშიც მცირე ადგილს იკავებენ.

ზედაპირი - სხვადასხვა ტიპის ზედაპირიან ქვეშაგებს შეიძლება შევხვდეთ, თუ მოუსვენარი ძილი გაქვთ, გირჩევთ ტექსტურირებული ან დავარცხნილი ქსოვილის ზედაპირის მქონე „პარალონს“, რადგან ამ ტიპის ქვეშაგებს უკეთესი მოჭიდება აქვთ და ძილის დროს უნებლიე ჩაცურებისაგან დაგიცავენ.

სიგრძე და სიგანე - იმისათვის რომ კარგად მოთავსდეთ წოლისას და სხეულმაც მაქსიმალურად შეინარჩუნოს სითბო, საჭიროა იმ ზომის ქვეშაგი, რომელზეც მხრებსა და თეძოებს უპრობლემოდ მოათავსებთ. ამისათვის, როგორც წესი, საკმარისია სტანდარტული 180 სანტიმეტრის ქვეშაგი ან გრძელი 198 სანტიმეტრიანი მოდელი. ქვეშაგი, რომელიც თქვენს ფეხებსა და ტერფებს იზოლირებულს ხდის დიდ პლუსს წარმოადგენს ცივი ღამეების დროს. მცირე - 120 სანტიმეტრიანი ქვეშაგები უფრო მოხერხებულად შეგიძლიათ შეინახოთ ჩანთაში, ძილის დროს ფეხების გასათბობად კი შეგიძლიათ ტანსაცმელი დაიწყოთ საძილე ტომრის ქვეშ. რაც შეეხება ქვეშაგის სიგანეს საშუალოდ 50 სანტიმეტრიანი „პარალონი“ საკმარისია, რათა თავისუფლად შეძლოთ ღამით ძილი. თუ წონიანი ადამიანი ბრძანდებით, მაშინ შესაძლებელია უფრო ფართო ქვეშაგის შეძენაც (60-70 სანტიმეტრი), მაგრამ გაითვალისწინეთ, რაც უფრო ფართოა ქვეშაგი, მით უფრო დიდ ადგილს საჭიროებს შესანახად. ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი შერჩეული ქვეშაგი კარავში უნდა დაეტიოს და გაითვალისწინეთ კარვის ზომებიც, ვიდრე „პარალონს“ შეიძენდეთ.

 

ქვეშაგის ტიპები

გასაბერი ქვეშაგი

დღეისათვის მსოფლიოში გასაბერი ქვეშაგების ფართო არჩევანია, დაწყებული ულტრამსუბუქი „პარალონებიდან“, რომლებიც ჩანთაში იდეალურად თავსდება, დამთავრებული ექსტრა-სქელი ქვეშაგით, რომელიც გლემპინგისათვის საუკეთესო ვარიანტია. გასაბერი ქვეშაგების უმეტესობა მზადდება ისეთი მატერიებით, რომელიც სითბოს მაქსიმალურად ინარჩუნებს და მინიმალურად კარგავს. ბევრი გასაბერი „პარალონი“ შეგიძლიათ გაბეროთ ალტერნატიული საშუალებებით და წნევა არ დაიგდოთ პირით ხშირი ჩაბერვით.

დადებითი მაჩვენებელი: ამ ტიპის ქვეშაგი ყველაზე კომფორტული და მსუბუქია და ჩანთაში შესანახად ყველაზე კომპაქტური. ჰაერის მოცულობის დამატებით ან დაკლებით შეძლებთ ღამის „მატრასი“ გაამყაროთ ან დაამჩატოთ.

უარყოფით მაჩვენებელი: როგორც წესი, გასაბერი ქვეშაგები თავის დაბალ წონასთან და კომპაქტურობასთან შედარებით უფრო ძვირი სიამოვნებაა. შეიძლება გაიხვრიტოს ან გაიხეს (ყველაზე ხშირად ძაღლთან მისი გაზიარების გამო), თუმცა თუ შესაბამისი მასალები თან გექნებათ, მისი საველე პირობებში რესტავრაცია მარტივია.

 

თვითბერვადი ქვეშაგი

ამ ტიპის ქვეშაგი პოლიესტერისაგან მზადდება, უზრუნველყოფს საკუთარი თავის გაბერვას. მათ ჩანთის გარეთ ვერ დაკიდებთ, უნდა მოათავსოთ ჩანთაში, მაგრამ ამ ტიპის ქვეშაგები კარავში ძილისას კომფორტულია.

დადებითი მაჩვენებელი: ძალიან მოსახერხებელი და კომპაქტურია, კარგ შესაძლებლობას ქმნიან იზოლაციისათვის. ჰაერის მასის დამატებით ან გამოკლებით მაქსიმალურად კარგად შეძლებთ თქვენ სხეულს მოარგოთ. ჩვეულებრივ გასაბერ ქვეშაგებთან შედარებით უფრო გამძლეები არიან.

უარყოფით მაჩვენებელი: ეს ქვეშაგები უფრო მძიმეა და ძვირი, ვიდრე ჩვეულებრივი ქვეშაგები. გასაბერ „პარალონებთან“ შედარებით ნაკლებად კომპაქტურიც. მოგზაურობისას რისკია დაიჩხვლიტოს, გაიხეს, თუმცა მწარმოებლები გვარწმუნებენ, რომ მისი საველე პირობებში გარემონტება არც ისე რთულია.

 

დახურულუჯრედებიანი ქვეშაგი

ეს სტანდარტული ქვეშაგები ზურგჩანთაზე მისამაგრებლად ყველაზე მოსახერხებელია, დამზადებულია მკვრივი ქაფისაგან, რომელიც სავსეა პატარა დახურული საჰაერო უჯრედებით. ძირითადად ამ ტიპის ქვეშაგები იკეცებიან ინგლისური ასო „Z-სავით“.

დადებითი მაჩვენებელი: მსუბუქი, იაფი, გამძლე ქვეშაგია, რომელიც საიმედო იზოლაციას უზრუნველყოფს. არ მოგიწევთ ინერვიულოთ ნახვრეტებსა და გაჟონვაზე. ამ ტიპის ქვეშაგები იდეალურად მუშაობენ სხვა ქვეშაგების ქვემოთ დაფენის შემთხვევაში - ქმნიან მომეტებულ კომფორტს. ერთადერთი ნივთია, რომელიც ჩანთის ზემოდან შეგიძლიათ მიამაგროთ და არ ინერვიულოთ მის დაზიანებაზე. ამ ქვეშაგებს შესვენებისას თავისუფლად გამოიყენებთ ძირს დასაჯდომადაც.

უარყოფითი მაჩვენებელი: სხვა ქვეშაგებთან მიმართებით ნაკლებად კომფორტული და მოუხერხებელია.

ბუნებრივია CampShare სხვა სალაშქრო აღჭურვილობებთან ერთად ქვეშაგებსაც (პარალონებსაც) გთავაზობთ, რომელთა ხილვასაც შეძლებთ ამ ბმულზე